Sunday, May 27, 2018

სამოდელო გაკვეთილები


რა არის სამოდელო გაკვეთილი? 
სქემის ერთ-ერთი ამოცანაა სკოლების გაძლიერება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სტიმულირებას. სწორედ ამიტომ უნდა წახალისდეს მასწავლებლებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი. მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები მიზნობრიობით ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც არა მხოლოდ მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არამედ პედაგოგიური თვალსაზრისით ინოვაციურია და კოლეგებისათვის სასარგებლო. სქემის უპირველესი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გზით მასწავლებლის პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა წამყვანი მასწავლებლებისთვის სავალდებულო აქტივობად სამოდელო გაკვეთილების ჩატარება. წამყვანმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად 5 წლის განმავლობაში უნდა ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი, ხოლო კარიერული წინსვლისთვის სტატუსით განსაზღვრულ ვადაში 10 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მოუწევს. ამ აქტივობით გამოცდილი მასწავლებელი ნაკლებად გამოცდილს უზიარებს საკუთარ წარმატებულ პრაქტიკას და გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს სკოლებში ურთიერთთანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას. თავდაპირველად შევთანხმდეთ, თუ რა ტიპის გაკვეთილები შეიძლება ჩაითვალოს სამოდელოდ. ესენია:
 1. 
  • ინტეგრირებული გაკვეთილი;
  •  პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
  • გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი ;
  • ინოვაციური გაკვეთილი.

მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გაკვეთილის ტიპი, შეუსაბამოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ასევე გაითვალისწინოს კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასდება მისი გაკვეთილი. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გადაწყვეტს სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას, სასურველია გააცნოს გაკვეთილის გეგმა კოლეგებს და როცა გეგმას საბოლოო სახეს მისცემს, მოაწყოს შეხვედრა შეფასების ჯგუფთან. ეს არის ერთგვარი წინასაგაკვეთილო ინტერვიუ, რაც გულისხმობს შეფასების ჯგუფის წევრებთან გასაუბრებას გაკვეთილის თემის, მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ სამოდელო გაკვეთილს ესწრებიან არა მხოლოდ შეფასების ჯგუფის წევრები, არამედ მოწვეული კოლეგებიც, რაც გარემოს შესაბამისად ორგანიზებას საჭიროებს. 2 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება წამყვან მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააგროვოს საჭირო კრედიტქულები და, ამავდროულად, კოლეგებს დაეხმაროს ახალი იდეების გააზრებაში. სამოდელო გაკვეთილის ტიპიდან და თემატიკიდან გამომდინარე, შეფასების ჯგუფი მასწავლებლებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს, თუ ვინ დაესწრება სამოდელო გაკვეთილს და მათგან ვინ მიიღებს მონაწილეობას მის შეფასებაში.